,

სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრებში პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში მიღებულ ფორმალურ განათლებას სახელმწიფო აღიარებს!

ამიერიდან საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრებში პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში მიღებულ ფორმალურ განათლებას სახელმწიფო აღიარებს!

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა GAEN, 9 წევრ ცენტრთან თანამშრომლობით პროფესიული მომზადების პროგრამა "მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვის" განხორციელების უფლება მოიპოვა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ცენტრების მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს  მიიღებენ. პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება ქსელს  3 წლის ვადით მიენიჭა.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი ყოველთვის დროულად პასუხობს ახალ გამოწვევებს და ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ახალი შესაძლებლობის გამოჩენისთანავე დააკმაყოფილა შესაბამისი სტანდარტები და  პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა.

ზოგადად, ზრდასრულთა განათლების ხიბლი და სიკეთე ხომ ისაა, რომ იგი ადამიანებს საკუთარ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ განათლებას მაშინაც სთავაზობს, როცა კარგა ხანია უკან მოიტოვეს ფორმალური განათლების მიღების დრო და შესაძლებლობა,  ახლის ათვისებას უკვე დაგვიანებულად თვლიან და საკუთარი თავის რეალიზება უჭირთ.

სწორედ ამ ეტაპზე, და ნებისმიერ ასაკშიც, ყველას შეუძლია, მიმართოს ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრებს, რომლებიც თერთმეტია საქართველოს რვა რეგიონში,  შეარჩიოს მისთვის საინტერესო არაფორმალური განათლების კურსი, რამდენიმე თვეში აითვისოს სასურველი ხელობა და ამ ცოდნით ადგილი დაიმკვიდროს შრომის ბაზარზე.

დღეისათვის გერმანულ სახალხო უნვერსიტეტთა ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის მიერ გახსნილ ამ ცენტრებში ათიათასობით ბენეფიციარმა გაიარა პიროვნული თუ პროფესიული განვითარების ასობით არაფორმალური კურსი და სამუშაო მოიძია, წამოიწყო საკუთარი მცირე ბიზნესი და ცენტრებში შეძენილი ცოდნითა და უნარებით თვითრეალიზება შეძლო. ამის ძალიან ბევრი შთამბეჭდავი მაგალითი და წარმატებული ისტორია არსებობს უკვე, ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება დაუგროვდათ  ამ მხრივ ზრდასრულთა განმანათლებლებსაც, რაც განათლების ამ ფორმატის სიცოცხლისუნარიანობასა და ეფექტიანობას ამტკიცებს.

თუმცა აქამდე სათემო ცენტრებში მიღებულ განათლებას ოფიციალური აღიარება, ფორმალური განათლების სტატუსი არ ჰქონია და ეს მნიშვნელოვნად ხელისშემშლელი ფაქტორია სამუშაოს მაძიებლებისთვის მაღალი კონკურენციის პირობებში. პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება - ზრდასრულთა განათლების ცენტრების ჩართულობა ფორმალური განათლების სახელმწიფო პროფესიულ პროგრამებში და მათ მიერ სწავლების განხორციელების უფლების მოპოვება - სწორედ რომ სასიკეთოდ წაადგება ცენტრების მუშაობის ხარისხსაც და ბენეფიციართა კონკურენტუნარიანობასაც შრომის ბაზარზე.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით, 9 ცენტრმა  პროფესიული მომზადების/გადაზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისთვის დადგენილი  სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლო, რაც ნიშნავს, რომ არაფორმალური სწავლების პარალელურად, ისინი შეძლებენ მსურველებს შესთავაზონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფორმალური განათლების მომზადება/გადამზადების პროგრამებიც. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ, რაც გაზრდის მათი დასაქების შანსს და სრულიად კონკურენტუნარიანს გახდის მათ შრომის ბაზარზე. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, სასურველი პროფესია, ზრდასრულთა განათლების პრინციპის შესაბამისად, კეთებით სწავლებით აითვისონ მოკლე დროში და ამ ცოდნით წარმატებულად დასაქმდნენ.

ეს სასიამოვნო სიახლე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ამ დროისთვის  მხოლოდ ერთი პროგრამის - "მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა" - ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე გაიხსნა ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში; სულ მალე სწავლა დაიწყება ახალციხეშიც და შემდეგ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ეტაპობრივად კი - დანარჩენ  ცენტრებშიც. პროგრამის დაწყების შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი და რეგისტრაცია ყველა მსურველს შეეძლება. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად vet.emis.ge-ზე.  როგორც რეგიონული ცენტრების ხელმძღვანელები ამბობენ, პროგრამით დაინტერესება დიდია - სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი ხომ მსურველებს დასაქმების, რეალიზაციისა და სამომავლო განვითარების მეტ შესაძლებლობას ჰპირდება.

ნანი ჟღენტი, ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის  ბენეფიციარი, 50 წლის: - პროგრამამ შესაძლებობა მომცა, გავცნობოდი სამკერვალო დანადგარების სპეციფიკას, ქსოვილების ნაირსახეობას, რთულ და სპეციალურ სამკერვალო მანქანებზე მათ დამუშავებას და, ასევე, ქსოვილების ხარისხის განსაზღვრას. ყველაფერმა, რაც ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე შევისწავლე, გამიჩინა დიდი სურვილი და მოტივაცია, რომ კონკურენტუნარიანი გავხდე მაღალი ხარისხის სამკერვალო ნაწარმის შექმნაში და ამით სამუშაო ადგილი დავიმკვიდრო.

ამ ეტაპზე - საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის- GAEN ერთ-ერთი პრიორიტეტია კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა მიმართულების მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება და ამ მიმართულებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას.  პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს და ასეთივე განაცხადის გაკეთებას სხვა პროფილის პროფესიულ პროგრამებშიც აპირებს. ეს კიდევ უფრო გააფართოებს ცენტრების ამ მიმართულებით საქმიანობას და რეგიონის ზრდასრულ მოსახლეობას ადგილობრივ სათემო ცენტრებში სხვადასხვა პროფილით ფორმალური განათლების მიღების საშუალებას მისცემს. ამგვარად, ზრდასრულთა განათლება საქართველოში, შეიძლება ითქვას, საქმიანობის ახალ, უფრო ნაყოფიერ ეტაპზე გადადის და ბენეფიციარებსაც უკეთეს შესაძლებლობებს ჰპირდება. წარმატებები მათ ამ გეგმების განხორციელებაში.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.