ონლაინ ტრენერთა ტრენინგები ზრდასრულთა განათლების ცენტრებისთვის

ივნისის თვეში, ცენტრების ადმინისტრაციული პერსონალისა და ტრენერებისათვის ორი ახალი ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა ონლაინ რეჟიმში - „ტრენერთა ტრენინგი - მეწარმეობა და ბიზნეს დაგეგმვა“ და „ტრენერთა ტრენინგი - სოციალური მენტორობა“.

„ტრენერთა ტრენინგი - მეწარმეობა და ბიზნეს დაგეგმვა“ ტრენინგის მონაწილეები ©ლიკა კაციტაძე

„ტრენერთა ტრენინგი - სოციალური მენტორობა“ ტრენინგის მონაწილეები ©ლიკა კაციტაძე

კორონა ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს განათლების სისტემა და, მათ შორის, ზრდასრულთა განათლების ცენტრებიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ რთულ პერიოდში ცენტრების ადმინისტრაცია სისტემატიურად ეძებდა ახალ გზებს და საშუალებებს, რათა არ გაჩერებულიყო საგანმანათლებლო პროცესები. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მათ აქტიურად ედგა მხარში DVV International-ის საქართველოს ოფისი, რომლის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ცენტრების ადმინისტრაციული პერსონალისა და ტრენერებისათვის ივნისის თვეში ორი ახალი ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა ონლაინ რეჟიმში - „ტრენერთა ტრენინგი - მეწარმეობა და ბიზნეს დაგეგმვა“ და „ტრენერთა ტრენინგი - სოციალური მენტორობა“.

პირველი ტრენინგი - „მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმვა“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი მეწარმეობის და პროფორიენტაციის საკითხებში, ირმა ქორთუა (RDFG მრჩეველი დასაქმების საკითხებში), მიზნად ისახავდა კანვას ბიზნეს მოდელზე დაყრდნობით მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმვის საფუძვლების სწავლებას. კანვას ბიზნეს-მოდელის უნიკალურობა და უნივერსალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ბიზნესი როგორც მთლიანი, როგორც სისტემა, რომელიც ქმნის და ბაზარს აწვდის ფასეულობას, იძლევა კომპანიის ყველა ძირითადი პროცესების, მათი ურთიერთკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულებების ანალიზისა და შეფასების საშუალებას, ეხმარება კომპანიის სუსტი და პრობლემური ზონების გამოვლენაში და  ინოვაციური ან არსებული პროდუქტების განვითარებაში.

ტრენინგი ზუმის პლატფორმის გამოყენებით 14 საკონტაქტო საათისგან და 7 მეცადინეობისაგან შედგებოდა. სპეციალურად ამ ტრენინგისთვის შექმნილი ფეისბუკის გვერდის (https://www.facebook.com/groups/1275087516030294/?epa=SEARCH_BOX) საშუალებით შუალედებში მსმენელებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ როგორც ტრენერთან, ასევე ერთმანეთთან. ერთობლივად ასრულებდნენ საშინაო დავალებებს, ეცნობოდნენ ტრენერის და მათ მიერვე მოძიებულ საინტერესო მაგალითებს და ვიდეო-მასალებს. აქვე იდებოდა ყოველი ტრენინგის ვიდეო-ჩანაწერი, რაც საშუალებას აძლევდა მსმენელებს, გაეხსენებინათ მოსმენილი ინფორმაცია. ხოლო მათ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, ვერ დაესწრო ონლაინ მეცადინეობას, არ ჩამორჩენოდა სასწავლო პროცესს.

დასასრულს მსმენელებმა მიიღეს აღნიშნული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მომდევნო ონლაინ ტრენინგის თემა - „სოციალური მენტორობა“ - სრულიად ახალი იყო ტრენინგის მონაწილეთა დიდი ნაწილისთვის. ამდენად, ისინი განსაკუთრებული დაინტერესებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ აღნიშნულ ტრენინგს, რომელსაც ატარებდა მენტორ ჰაბის ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ტრენერი, თეონა დალაქიშვილი. მას დახმარებას უწევდა ფსიქოლოგი ნანა ვაშაკიძე. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მენტორინგის სისტემური პროგრამების დანერგვა და ამის საშუალებით პოზიტიურ ცვლილებების გამოიწვევა საზოგადოებაში. მონაწილეთათვის პირველივე მეცადინეობიდან ნათელი გახდა, რომ ეს ტრენინგი მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა არა მხოლოდ მათ ბენეფიციარებთან არამედ ზოგადად, სხვა საქმიან, თუ პირად ურთიერთობებში.

როგორც წინა ტრენინგის შემთხვევაშიც, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ურთიერთობა გაეგრძელებინათ სოციალურ ქსელში, სპეციალურად ამ ჯგუფისთვის შექმნილ გვერდზე (https://www.facebook.com/groups/dvvmentoring/), გაცნობოდნენ დამატებით ლიტერატურას და განემტკიცებინათ ტრენინგზე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ვიდეო-ჩანაწერების და პრეზენტაციების საშუალებით.

ტრენინგის დასასრულს, რომელიც მოიცავდა 10 საათს და 5 დისტანციურ მეცადინეობას, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ორივე ტრენინგის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ონლაინ ტრენინგების ეფექტურობამ აშკარად გადააჭარბა მათ მოლოდინებს. სამომავლოდ ისისნი ამ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ თავის კოლეგებს და სხვა მსურველებს.

VHS DVV International LogoBMZ Logo