კომიქსის, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის ინსტრუმენტის გამოყენება კავკასიაში

2019 წლის სექტემბერში, DVV International საქრთველოს ოფისმა პროექტი წამოიწყო, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, საქართველოდან და რუსეთის ფედერაციიდან და მხარს უჭერს ხელოვნების გამოყენებით არსებული სტერეოტიპების დაძლევას

შეხვედრა ევროპელ კომიქსის შემქმნელებთან ბერლინში ©ელენე ლაგვილავა

ექსკურსია ბერლინში ©ნინუცა ბაგრატიშვილი

ბოლო დღე ბერლინში©ნინუცა ბაგრატიშვილი

კომიქსი @გიგი ჯაბიძე

სამშვიდობო პროცესების დღის წესრიგში სულ უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან ახალგაზრდობასა და კონფლიქტის თემებს შორის არსებულ კავშირს. დღითიდღე უფრო ცხადი ხდება, რომ ახალგაზრდები ჩვენი მომავლის წინასწარ განჭვრეტის საშუალებას გვაძლევენ იმის მიხედვით, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს, როგორია მათი დამოკიდებულება „საწინააღმდეგო მხარეს“ მყოფი თანატოლებისა თუ საზოგადოებისადმი. ახალგაზრდებისათვის დღეს შექმნილი შესაძლებლობები განსაზღვრავს, რას აირჩევენ ისინი მომავალში  - მშვიდობას თუ ძალადობას.

ამისათვის ახალი სამშვიდობო და ნდობის დასამყარებელი კრეატიული მეთოდები გვჭირდება. ამ სფეროში მოქმედი პროექტები უნდა ემყარებოდეს ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც, ერთის მხრივ, მოსარგებლეთა საჭიროებებზე იქნება გათვლილი, ხოლო მეორეს მხრივ, „კონფლიქტურ მხარეებს“ შორის ნდობის დამყარებაში შეიტანს წვლილს.

მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზა მონაწილეთა პროცესში ჩართულობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ერთ გუნდად შეკრული, საერთო მიზნისაკენ სწრაფვაა. პროცესის საბოლოო მიზანი შეიძლება გარკვეული პროდუქტი იყოს, მაგალითად, რაიმე პუბლიკაციის, ან კი ჩვენს შემთხვევაში უფრო ზუსტად - კომიქსის შექმნა. ეს ის ჟანრია, რომელიც ახალგაზრდების მხატვრული და კრეატიული უნარების გამოყენებით ერთ ძალიან აქტუალურ - ადამიანის ბუნებასთან მოპყრობის თემას ეხება და კარმული მეტამორფოზის ისტორიას გვიამბობს.

კომიქსი სახელწოდებით „MetamorFish“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის - DVV International-ის პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებმა შექმნეს. პროექტი The Art of Peacebuilding: Comics for Peace and Stability in the Caucasus (მშვიდობის დამყარების ხელოვნება: კომიქსის, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის ინსტრუმენტის გამოყენება კავკასიაში) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით 2019 წლის ივნისი-ნოემბრის შუალედში განხორციელდა.

თუმცა, გარდა მშვენივრად შესრულებული პუბლიკაციისა არსებობს კიდევ სხვა მიზანი, რომელიც ამგვარი პროცესების მამოძრავებელი ძალაა, ის თვით პროცესშია ნაგულისხმევი, ერთობლივი მუშაობის მთელ მსვლელობაზეა გადანაწილებული და ბევრად უფრო მდგრად და ეფექტურ შედეგებს გვაძლევს ვიდრე თუნდაც პროფესიონალურად შექმნილი კომიქსი.

ამ შედეგების შესახებ, ამ ნაგულისხმევი მიზნის შესახებ ვკითხულობთ თვითონ პროექტის სათაურშივე, მაგრამ ამასობაში ასევე - მონაწილეთა მონათხრობშიც. პროექტის მონაწილეები ახალგაზრდების სამ ჯგუფს წარმოადგენდნენ - საკუთრივ საქართველოდან, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონიდან და რუსეთიდან. დაპირისპირებებისა და ბრაზის შედეგად მიღებული იზოლაციისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად მაღალი იდეის სამსახურში მდგარი ხელოვნება იქნა გამოყენებული. პროექტმა ოცი ახალგაზრდა გააერთიანა, მათგან ხუთი აფხაზეთიდან, ათი - საკუთრივ საქართველოდან და ხუთიც -რუსეთიდან. მათთვის უსაფრთხო ერთობლივი სამუშაო გარემოს შექმნითა და შემოქმედებითი უნარების წახალისებით ხანგრძლივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. შედეგად ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით „coMIX“, რომელმაც კომიქსის შექმნის ყველა ეტაპი გაიარა.

პირველსავე ვორკშოპზე, რომელიც ერევანში ჩატარდა, ახალგაზრდა მონაწილეები საქართველოში კომიქსის საუკეთესო შემქმნელს - გიგი ჯაბიძეს შეხვდნენ და მისგან ბევრი რამ ისწავლეს კომიქსის ჟანრის სპეციფიკის, მისი განვითარების ისტორიისა თუ სტანდარტების შესახებ. გაჩნდა პირველი იდეები, შეიქმნა ისტორია, ასევე მომზადდა პირველი მონახაზები ე. წ. ჰარდ კოპი ფრეიმების ფორმით.

პროექტი ამავდროულად ხელოვნებასა და განათლებას იყენებდა, როგორც ცვლილების გამომწვევ საშუალებებს ისეთ სიღრმისეულ პრობლემებთან სამუშაოდ, როგორებიც გაუცხოება და სტერეოტიპებია. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი და ლატვიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის თავმჯდომარე ილუტა კრუმინა თავიდანვე მუშაობდა ჯგუფთან ერთად გუნდის შეკვრის მრავალფეროვანი სავარჯიშოებით, მათ შორის ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგებით. კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების პატივისცემა და ინოვაციისა და კრეატიულობისთვის მზადყოფნა კი მუდმივად გასდევდა ფონად დაგეგმილ ღონისძიებებს.   

იგივე გაგრძელდა შემდეგ საერთო ვორკშოპზეც, რომელიც უკვე ბერლინში ჩატარდა. მონაწილეებმა ერთად შეიმუშავეს კომიქსის სათაური. თუმცა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო კომიქსის პირველი მონახაზის წარდგენა ბერლინის საერთაშორისო სახელოვნებო წრეებისთვის, რასაც ცოცხალი დისკუსია მოჰყვა. ევროპელ ხელოვანთათვის MetamorFish-ი სრულიად ახალ და განსხვავებულ თვალსაწიერს წარმოადგენდა, რამაც მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია და კიდევ უფრო გააძლიერა ახალგაზრდების სიხარული და მოტივაცია.

თუმცა, მთელი ამ თავგადასავლის პიკი ჯერ კიდევ წინ იყო - ვიზიტი კომიკ კონზე, ბერლინის ცნობილ გამოფენაზე, რომელიც კომიქსს, კინოს, ტელევიზიას და კოსპლეის - კოსტიუმირებულ დადგმებს ეძღვნება. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, პირადად შეხვედროდნენ ცნობილ მსახიობებს, არტისტებსა და სხვა ცნობილ პიროვნებებს და მრავალ საინტერესო ღონისძიებას დასწრებოდნენ.

რა გასაკვირია, რომ მონაწილეთა მხრიდან მიღებული შეფასება მხოლოდ დადებითი და აღფრთოვანებულიც კი იყო:

„მიხარია, რომ ამ შესანიშნავ პროექტში მივიღე მონაწილეობა. პირველ რიგში, გუნდური მუშაობა ვისწავლე და კომიქსი შევქმენი საუკეთესო ადამიანებთან ერთად. დიდი მადლობა, რომ ასეთი დაუვიწყარი მოგონებები მაჩუქეთ“ - წერს მონაწილე გოგონა თბილისიდან.

„პროექტი ძალიან საინტერესოა. მომეწონა ტრენინგის მეთოდები, ბევრი ვიმუშავეთ. აქტივობები ერთმანეთის გაცნობაში გვეხმარებოდა, ერთად უკეთ ვმუშაობდით შედეგების მისაღწევად“ - წერდა მონაწილე ყმაწვილი სოხუმიდან.

„ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული. ტრენერები პროფესიონალები იყვნენ და კარგად იცოდნენ საკუთარი საქმე.“ - ეს სოხუმელი მონაწილე გოგონას შეფასებაა.

მონაწილე ვლადიკავკაზიდან ასევე ძალიან პოზიტიურ აზრს გამოთქვამს პროექტისა და მის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შესახებ: „...ეს იმას ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ხელოვნების განვითარებით არის დაინტერესებული და მართალია მცირედ, მაგრამ მაინც ცვლის სამყაროს. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე ვლაპარაკობთ. მონაწილეები განსაკუთრებულად დამამახსოვრდებიან.“

„ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობებსა და მეგობრობას. გასაოცარი პროექტია, იმედია, მომავალ ასეთ პროექტებშიც შევხვდებით ერთმანეთს.“ - იმედს გამოთქვამს მონაწილე გოგონა ვლადიკავკაზიდან.

პროექტის ბენეფიციარებმა ურთიერთობა ფეისბუკის დახურულ ჯგუფში განაგრძეს. მონაწილეებმა ერთობლივად დაასრულეს კომიქსი MetamorFish-ი, რომლის 1000 ეგზემპლარიც აფხაზეთში, საკუთრივ საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაურიგდა, როგორც სიმბოლო ახლად ჩამოყალიბებული ნდობისა და გახსნილი ურთიერთობებისათვის, ხელოვნურად შექმნილი საზღვრების მიუხედავად რომ გაგრძელდება.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.