საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრების კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. აღნიშნული მოდელის გადმოტანა და ადაპტირება ქართული რეალობისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდა. გერმანიაში ზრდასრულთა განათლების სისტემა მრავალმხრივაა განვითარებული. ქვეყნის როგორც დიდ ქალაქებში, ისე პატარ-პატარა სოფლებში 1000-მდე ცენტრი ფუნქციონირებს. მათი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსდება, ნაწილი კი კერძო დაწესებულებებს წარმოადგენს. გერმანიის 16-ივე ფედერალურ მხარეში ზრდასრულთა განათლების სკოლები ფედერალური მხარის დონეზე არსებულ ქოლგა ორგანიზაციაში ერთიანდება. ეს გაერთიანებები, თავის მხრივ, სახელმწიფო ქოლგა ორგანიზაციის – ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (DVV) წევრები არიან. ცენტრებში კურსების დიდი მრავალფეროვნებაა და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიც არის: პოლიტიკა, საზოგადოება, ბუნება და გარემო, კულტურა და ხელოვნება, ჯანმრთელობა და სწორი კვება, უცხო ენები, გერმანული ენა უცხოელებისთვის, პროფესია და კარიერა, კომპიუტერი და ინტერნეტი.
DVV International-მა საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაარსება 2006 წლიდან დაიწყო. დღეისათვის წარმატებით ფუნქციონირებს ზრდასრულთა განათლების ათი ცენტრი და წელიწადში 12 000 ბენეფიციარზე მეტს პროფესიული, სამოქალაქო და კულტურული განათლებისა და საზოგადოებრივი აქტივობების შესაძლებლობას სთავაზობს. ბენეფიციარებს, ძირითადად, მოწყვლადი პირები, უმუშევრები, ეროვნული უმცირესობები და იძულებით გადაადგილებული პირები (იგპ) წარმოადგენენ. ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაარსებით ორგანიზაცია ქვეყანაში ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემას ქმნის. DVV International-ის მიზანია, რომ მომავალში საქართველოს თითოეულ რეგიონში ზრდასრულთა განათლების მინიმუმ ერთი ცენტრი იყოს წარმოდგენილი, ანუ სულ - 15 ცენტრი.
გერმანული მოდელის საქართველოში გადმოტანისას მისი მოდიფიკაცია და ქართული კონტექსტისთვის მორგება გახდა საჭირო. უმუშევრობის მაღალი დონე, იგპ-თა და ემიგრაციის მაღალი რიცხვითი მაჩვენებელი იმ სოციალურ პრობლემებს მიეკუთვნება, რომელიც საქართველოში მუშაობის კონტექსტს განსაზღვრავს.
საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაარსება, ძირითადად, სოციალური პრობლემების დაძლევისკენ არის მიმართული, კერძოდ, ეს გახლავთ: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია; იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) ადგილობრივ თემთან ადაპტაცია და სხვა. რაც მთავარია, იგი მიმართულია დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისაკენ. ცენტრების ბენეფიციარებისთვის, რომელთაც რთულ ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო კურსების გავლას პრაქტიკული შედეგები მოჰყვეს და დასაქმებაში ან თვითდასაქმებაში დაეხმაროს მათ.
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ