დისტანციური სწავლება ზრდასრულთა განათლებაში... ჩვეული ხალისით

ქოვიდ-19-მა რადგან მოსახლეობის ცხოვრების წესი შეცვალა და სახლში გამოგვკეტა, ზრდასრულთა განათლების ცენტრებსაც მოუწიათ კარის დიდი ხნით დაკეტვა. აქედან გამომდინარე მათი საგანმანათლებლო კურსები დისტანციურ მუშაობაში გადაიყვანეს.

დისტანციური სწავლება

მოკლედ, რადგან ამ ჯერ იმპორტირებულმა და მერე ჩვენშიც მოშინაურებულმა კორონამ (ანუ ქოვიდ 19-მა) ასე ერთბაშად შეგვიცვალა ცხოვრების წესი, სახლში გამოგვკეტა და აქტიური რეჟიმი პასივში გადაგვირთო, ახალი რეალობისა და გამოწვევის წინაშე, სხვებთან ერთად, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრებიც აღმოჩნდნენ. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ასეთი ცენტრი თერთმეტია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში (ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, რაჭა და აჭარა, ქედა და სამცხე-ჯავახეთი), რომლებიც ადგილებზე განათლებისა და სიახლეების რეალურად ხელმისაწვდომი კერებია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მათი უმრავლესობა უკვე წლებია სრული დატვირთვითა და ძალზე საინტერესო საქმიანობით მოღვაწეობს, სხვადასხვა უნარებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს ზრდასრულ ადამიანებს - ახალგაზრდებსაც და „ძველგაზრდებსაც“.

ამიტომ ამ ცენტრების კარის დიდი ხნით გამოკეტვა, მით უფრო ასეთ კრიზისულ ვითარებაში, შეუძლებელი იყო. თანაც ზრდასრულთა განათლების იდეაც ხომ თავისთავად სწორედ რეალობისთვის თვალის გასწორება და გამოსავლის ძიებაა; იმ ტიპის განათლებაა, რომელიც მაშინ გაპოვნინებს გზებს, როცა ცხოვრება არაფერს გთავაზობს და გგონია, ვეღარაფერს შეცვლი. ჰოდა, არც ჩვენი ცენტრები ჩამორჩნენ დროსა და გარემოებას, სათანადოდ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა, საკუთარი შესაძლებლობები და დისტანცირებულ მუშაობაზე გადავიდნენ. აი, აქ კარგად გამოადგათ წლების მანძილზე გაწეული შრომა და ძალისხმევა ადგილობრივი მოსახლეობის კომპიუტერული უნარებით აღჭურვის საქმეში და სასწავლო კურსები სრული დატვირთვით განაახლეს. ბენეფიციართა უმრავლესობა ადვილად გაუმკლავდა ტექნიკურ სირთულეებს და პროგრამა  zoom-ში უპრობლემოდ ჩაერთო. არ შეწყვეტლა თითქმის არცერთი მიმდინარე კურსი, არც წინასწარ დაგეგმილი ახალი კურსების დაწყებას შეშლია ხელი, რომელთა თემატიკა ახლაც ისევე მრავალფეროვანია, როგორც სწავლების სტანდარტულ რეჟიმში და ისევე აქტიური, როგორც ყოველთვის.

აი, მაგალითად: კოდის ზრდასრულთა განათლების ცენტრში (დირექტორი მადონა ოქროპირიძე) 19 მარტიდან დისტანცირებული სწავლებით გაგრძელდა სამართლის ტრენინგი ,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები", რომელშიც პროგრამა zoom-ით 25 მსმენელია ჩართული, მათ შორის არიან შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდებიც; აქტიურად მიმდინარეობს „შესყიდვებისა და ახალი რეგულაციების“ კურსი, ახალგაზრდული პროგრამა, ტიხრული მინანქრის თეორიული კურსი, ინგლისურის  შემსწავლელი (2 ჯგუფი), ფსიქოლოგის ტრენინგ-კონსულტაცია (კოდა-შაუმიანის მსმენელებისთვის), მცირე ბიზნესის კურსი (2 ჯგუფი) და შინმოვლის კურსი (ექიმის კონსულტაცია), რომელიც მესენჯერით მიმდინარეობს 20 მსმენელისთვის, ხოლო ხანდაზმულ ბენეფიციარებს მობილურით უწევენ კონსულტაციებს, ასე რომ უყურადღებოდ არავინ რჩება.

22 აპრილიდან ცენტრში ინტერნეტ რესურსების გამოყენების ახალი კურსიც დაიწყო, რომელსაც 15 მსმენელი ჰყავს და zoom-ში ტარდება. დისტანციური სწავლება სახლის პირობებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სხვა ცენტრებშიც. კერძოდ, ქედაში (აჭარის რეგიონი) 1 აპრილიდან ამოქმედდა მართვის მოწმობის თეორიული კურსი, ინგლისურისა და კომპიუტერის საოფისე პროგრამების კურსები, ფსიქოლოგის კურსი; დაწყებული იყო და მარტის შუა რიცხვებიდან ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ხელსაქმისა და სუვენირების დამზადებისა და ქსოვის კურსებიც. მიმდინარეობს ასევე ონლაინ შეხვედრები - ფინანსური განათლების შესახებ, საჯარო და კულტურულ-შემეცნებითი შეხვედრები. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, დისტანციურ სწავლებაში 85 მსმენელი მონაწილეობს და როგორც ცენტრის ხელმძღვანელი დავით ანანიძე ამბობს, ასეთ აქტიურობასა და მოთხოვნას ონლაინ კურსებსა და შეხვედრებზე არც კი ელოდნენ. პროცესში ჩართვის პრობლემა არავის ჰქონია, არც უკმაყოფილება გამოუთქვამს ვინმეს, მხოლოდ ეს არის, ინტერნეტი ჭედავს ხანდახან...

მიუხედავად იმისა, რომ კორონა კახეთში შეღწევას ვერ ბედავს, წინდახედული კახელები მაინც იზღვევენ თავს და დისტანციურ სწავლებაზე ლელიანის სათემო განათლების ცენტრიც გადავიდა. მართალია, ჯერ კახური სიდინჯით გააანალიზეს მოვლენები, მერე 10 აპრილამდე აქტიური დაგეგმვის პროცესი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ მთელი დატვირთვით შეუდგნენ საქმეს.

ტრენინგების ჩამონათვალშია: გრაფიკული დიზაინი, ინგლისური ენა ზრდასრულებისთვის (I და II საფეხური), ფოტოგრაფია, ბუღალტერია, ონლაინ შეხვედრები ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში და შეხვედრები ფსიქოლოგთან, რომელიც თავიდან მესენჯერით დაიწყეს, შემდეგ კი Zoom-ის პროგრამა ასწავლეს ბენეფიციარებს და ახლა ამ პროგრმაში მუშაობენ.

რაც შეეხება სოფლის მეუნეობის განვითარების პროგრამის შეხვედრებს, რომელიც აქამდე საველე პირობებში იმართებოდა და კონსულტირებაც და პრაქტიკული სწავლებაც ნაკვეთებში, ადგილებზე ხდებოდა, ახლა კვირაში ერთი LIVE-ით შეიცვალა, რომელშიც ხეხილოვანი კულტურების მოვლის საკითხებზე საუბრობენ. ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ნერსეზაშვილის თქმით, აქაური ბენეფიციარებისთვის მესენჯერი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული აღმოჩნდა, თუმცა ცენტრი მათი ტექნიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავს, რათა  zoom-ით სარგებლობა ასწავლონ და უფრო ორგანიზებულად წარმართონ დისტანციური სწავლების პროცესი.

ჯვარის სათემო განათლების ცენტრში (სამეგრელო) დისტანციური სწავლება 1 აპრილიდან დაიწყო. ონლაინ სწავლებისთვის აქაც, ძირითადად, zoom-ის პლატფორმასა და მესენჯერს იყენებენ, სწავლება კი შემდეგ კურსებსა და პროგრამებზე ხდება: ფინანსური განათლების, ოფისმენეჯერის, კომპიუტერის, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, ახალგაზრდული პროგრამები, საჯარო შეხვედრები და დისკუსიები და ფსიქოლოგის კონსულტაცია, რომელიც თვეში 4-ჯერ იმართება 42 ბენეფიციარისთვის.

როგორც ტრენერმა, ფსიქოლოგმა და სოციალური მუშაობის მაგისტრმა, ეთუნა ჩუბინიძემ გვითხრა, საქართველოში და მსოფლიოში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, მსმენელებისთვის ის თემები შეარჩია, რაც საინტერესოც იქნებოდა და ემოციური ინტელექტის გაზრდასა და გაძლიერებაში დაეხმარებოდა მათ: „ასეთი დისტანციური შეხვედრებით ვცდილობთ, გავიუმჯობესოთ სტრესთან გამკლავების მექანიზმი, ვმართოთ კონფლიქტური სიტუაციები, დავძლიოთ აგრესია, გავანაწილოთ დრო პრიორიტეტულ აქტივობებში და დავრჩეთ ფსიქიკურად ჯანმრთელები. მეც და ჩემი ტრენინგის მონაწილეებიც ვრჩებით სახლში და განვაგრძობთ აქტიურობას წარმატებული მომავლისთვის“.

ცენტრის ხელმძღვანელის მაია ჭანტურიას თქმით კი, მსმენელებს ონლაინ ჩართვების ტექნიკურად გამართვაში ეხმარებიან, რადგან ამ მხრივ პრობლემები ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა მოხერხებული მეგრელები როგორც ყველაფერს, ამასაც, რა თქმა უნდა, იოლად გაართმევენ თავს და თანაც ისეთი კმაყოფილებით, რომ მადლიერების გამოხატვაც არ დაავიწყდებათ თავიანთი ცენტრის მიმართ. 

დისტანციური სწავლების ამბავმა ბოლოსდაბოლოს რაჭაშიც ააღწია და ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა რაჭველები, რომლებიც ჩვეული სიმშვიდით გადავიდნენ სახლის რეჟიმზე - მართალია, ძირითადად, მესენჯერით, მაგრამ რა პრობლემაა... ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დღეს ინგლისური ენის შემსწავლელი ორი ჯგუფი მუშაობს zoom-ის პროგრამაში. მეცადინეობებში ზოგჯერ 15-ზე მეტი მსმენელი ერთვება. დანარჩენ შემთხვევებში კი ადგილობრივი ზრდასრულები მესენჯერში ეცნობიან სანტექნიკის უნარებს, ძველ რაჭულ სამზარეულოს, რაჭული სიმღერების ფოლკლორს, ხის მხატვრულ დამუშავებას, ჭრა-კერვასა და ფარდაგების ქსოვასაც კი, რისთვისაც დაზგები და ძაფები შინ დაურიგდათ და ონლაინ სწავლების დახმარებით ახლა სახლში მუშაობენ.

ცენტრის ხელმძღვანელი ნინო სოხაძე ამბობს, რომ ყველა ამ სასწავლო კურსს მესენჯერ ჯგუფი აქვს და ვინც ლაივის დროს შემოსვლას ვერ ახერხებს, მათთვის ვიდეო გაკვეთილები შესაბამისი კურსის მესენჯერ ჯგუფში იტვირთება. 

აი, ასე და ამგვარად, დისტანციურ სწავლებაში ყველა ცენტრია ჩართული და დაახლოებით ასეთივე სურათია ყველგან. მთავარი ის გახლავთ, რომ ზრდასრულთა განათლების მესვეურები, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით, სათანადოდ დახვდნენ დროის გამოწვევას - ამ რთულ რეალობაშიც არ უღალატეს ზრდასრულთა განათლების იდეას და თავიანთ ბენეფიციარებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმშიც ჩვეული ხალისით აგრძელებენ კეთებით სწავლებას. იმედია, ამასობაში კორონაც შეგვეშვება და ცენტრები ძველებურად ახმაურდებიან. ისინი ხომ არა მარტო განათლების, არამედ მათი თავშეყრისა და ურთიერთობების საუკეთესო ადგილია; ადგილი, სადაც მიუხარიათ, სადაც თავს ღირსეულად და რეალიზებულად გრძნობენ და უკეთესს ჰპირდებათ მომავალი...

VHS DVV International LogoBMZ Logo