DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა, 4 დღიანი Curriculum globALE-ს ტრენინგ-პროგრამის მეხუთე საფინალო მოდული, რომელსაც, უძღვებოდა მოწვეული პროფესორი, ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო საბჭოს (ICAE)-ს გენერალური მდივანი, ქ-ნი კატარინა პოპოვიჩი. საფინალო მოდულის თემა გახლდათ „დაგეგმვა, ორგანიზება და შეფასება ზრდასრულთა სწავლასა და განათლებაში“, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად როგორც, სიახლეების, ასევე, უკვე ნასწავლი მოდულების კომბინაციას/შეჯამებას წარმოადგენდა. ტრენინგის ციკლი და მისი 5 ფაზა - საჭიროებების კვლევა, პროგრამის/კურიკულუმის შემუშავება, დაგეგმვა, ორგანიზება და შეფასება, იყო ის ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ჯგუფი ტრენერთან ერთად ჩაშლილად და ჩაღრმავებულად მუშაობდა ამ დღეების განმავლობაში.
ქ-მა პოპოვიჩმა სასიამოვნო ენერჯაიზერებითა და კრეატიული სავარჯიშოებით წარმართა სესიები. მაგალითად, მელოდიის მოსმენა, რომლის საფუძველზეც მონაწილეებს ჯგუფში მუშაობით კურიკულუმი უნდა შეემუშავებინათ, რაც თავისთავად გულისხმობს: სამიზნე ჯგუფის დინამიკის განსაზღვრას, საჭიროებიდან გამომდინარე აქტივობების მომზადებას, კონკრეტული მეთოდების შერჩევა/გამოყენებას მათი ჩართვა-გაძლიერებისთვის და მათთან მუშაობის დადებითი მხარეების/რისკების შეფასების განსაზღვრას. სავარჯიშოს გაანალიზების შემდგომ, ყველა ერთხმად შეთანხმდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე სამიზნე ჯგუფს, რომ შეთავაზებული იყოს მათზე მორგებული სასწავლო პროგრამა და ასევე, იქონიო გეგმა “B” სიურპრიზების თავიდან ასარიდებლად.
ცოდნის ერთად თავმოყრა, დეტალიზაცია და მისი პრაქტიკული დანიშნულებით გადმოცემა ამ მოდულის მთავარი მიზანი გახლდათ. ტრენინგის დასასრულს, ტრენინგ-პროგრამაში მონაწილე ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრების დირექტორებს, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ზრდასრულთა განათლების კოორდინატორებს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელისა (GAEN) და DVV International საქართველოს ოფისის თანამშრომლებს მეხუთე მოდულისთვის გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატი.
საბოლოოდ, მონაწილეებს ჩაუტარდათ საფინალო გამოცდა და გადაეცათ სერტიფიცირებული მასტერ ტრენერის სერტიფიკატები.