გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომელიც დაარსდა DVV International საქართველოს და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით, ყოველწლიურად გაიცემა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2013-2017 წლებში პრემიის ლაურიატები, გახდნენ თავად მწერალი გივი მარგველაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დავით ლორთქიფანიძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ლაშა ბაქრაძე, ახალგაზრდა ქართულ-გერმანული მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი და პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი.
2018 წელს გივი მარგველაშვილის სახელობის მე-6 პრემია გადაეცა ქართველ მწერალს, გერმანისტსა და მთარგმნელს ნაირა გელაშვილს. 2018 წლის დაჯილდოების ადგილი გამორჩეული იყო. იგი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ პავილიონში გაიმართა.
ნაირა გელაშვილის მიღწევებზე ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა გემანელმა გამომცემლმა, იორგ ზუნდერმაიერმა, თბილისში გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბარბარა მიუნჰაუზენმა და გერმანელ-ქართველმა ავტორმა და ფილოსოფოსმა, გივი მარგველაშვილმა, ვის სახელსაც ატარებს აღნიშნული პრემია. ბოლოს კი, DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, მაია ავრამოვსკამ საზეიმოდ გადასცა ჯილდო ნაირა გელაშვილს. პრემიის გადაცემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის დამწრეთა წინაშე მოხდა, რომელთა შორის იყო საქართველოში გერმანიის ელჩი მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში.
თბილისში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა 18 დეკემბერს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში.