პროექტი 2017 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო თეატრის, როგორც სოციალური ცვლილებებისა და განვითარების ინსტრუმენტის დანერგვას საქართველოში პროექტს ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „აიწონა დაიწონა“, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანელი მსახიობი და რეჟისორი, მარეიკე ვენცელი (https://www.facebook.com/aitsonadaitsona/).
2017 წელს DVV International-ის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარსებულ 10 ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩატარდა ორი სპექტაკლი ახალგაზრდა ზრდასრულებისთვის ძალადობის, გენდერისა და გარემოს დაცვის თემებზე. ასევე მოწვეული იყო ბერლინის GRIPS თეატრის დამაარსებელი ფოლკერ ლუდვიგი, რომელმაც გამართა საჯარო ლექცია-დისკუსია თბილისში განათლების სფეროსა და თეატრის სპეციალისტებისათვის თემაზე: „თეატრი, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და მისი გამოყენების სტრატეგიები ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისათვის“.
2018 წელს გაიმართა ორდღიანი ვორკშოპი DVV International-ის 10 რეგიონალურ ზრდასრულთა განათლების ცენტრში განათლების სფეროს სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის თემაზე: „თანამედროვე საბავშვო და ახალგაზრდული საგანმანათლებლო თეატრი, როგორც სოციალური ცვლილებებისა და განვითარების ინსტრუმენტი“. სემინარის მონაწილეები გაეცნენ ბრაზილიელი რეჟისორის აუგუსტო ბოალის „ჩაგრულთა თეატრის“ ტრადიციას, თეატრის პედაგოგის მაიკე პლატის და ბერლინის GRIPS-ის თეატრის მუშაობის თანამედროვე მეთოდებს.
გარდა ამისა, „აიწონა დაიწონას“ წევრებმა შეიმუშავეს საგანმანათლებლო ინტერაქტიული სპექტაკლის სცენარი ბულინგის პრობლემებზე სკოლაში, უნივერსიტეტში, ოჯახში, სოციუმში, სამუშაო ადგილზე და უმუშევრობის საკითხებზე და წარმოდგენები გამართეს DVV International-ის რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრებში. სპექტაკლებში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა, მოზარდებმა და მათმა მშობლებმა.