კრიზისული პასუხი - ზრდასრულთა სწავლისა და განათლების როლი კორონას პანდემიასთან გამკლავებაში

ზრდასრულთა სწავლისა და განათლების როლი კორონას პანდემიასთან გამკლავებაში

კორონავირუსმა (COVID-19) ძლიერი დარტყმა მიაყენა საზოგადოებებს მსოფლიოს მასშტაბით, შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება. ხალხი საკუთარ ჯანმრთელობაზე, სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობაზე ღელავს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ზრდასრულთა და ახალგაზრდული განათლების მიმწოდებლები იძულებული გახდნენ, დროებით დახურულიყვნენ, რამაც დრამატული შედეგები იქონია ამ ინსტიტუციების მდგრადობაზე, მათ თანამშრომლებსა და ასევე მოსწავლეებზეც. თუმცა, ამავდროულად, ზრდასრულთა განათლებას შეუძლია წვლილის შეტანა კრიზისის შედეგების შემსუბუქებაში, სასიცოცხლოდ საჭირო განათლებისა და ტრენინგების შეთავაზება და სოციალური აქტივობის ხელშეწყობა.

DVV international-ი, როგორც ერთადერთი პარტნიორი განვითარების თანამშრომლობაში, რომლის ფოკუსიც ზრდასრულთა განათლებაზეა მიმართული, გვთავაზობს კონცეფციებს, თუ როგორ შეუძლია ზრდასრულთა განათლებას, წვლილი შეიტანოს კრიზისის მართვაში სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზების გზით, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის. ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებსა და საერთაშორისო აქტორებს, საჭირო რესურსებით უზრუნველყონ ზრდასრულთა განათლების პროვაიდერები - საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო ორგანიზაციები - და მათი პერსონალი არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. ეს ყველა დაინტერესებული მხარის საერთო პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კრიზისის დროსაც და მისი დასრულების შემდეგაც ხელმისაწვდომი დარჩეს არაფორმალური განათლების შემოთავაზებები.

ზრდასრულთა განათლების პოტენციალის გამოყენება კრიზისთან საბრძოლველად

ზრდასრულთა განათლება არის განათლების სისტემის ქვესექტორი, რომლის თავისებურებები განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია არსებულ ვითარებაში. ზრდასრულთა განათლების კონცეფცია მკაცრად მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი, ძირითადად არაფორმალური, ქმედებაზე ორიენტირებული და ტრანსფორმაციულია. აქედან გამომდინარე, ზრდასრულთა განათლების მიმწოდებლებსა და პროექტებს მრავალი სხვადასხვა გზით შეუძლიათ ხალხის მხარდაჭერა:

  • საინფორმაციო საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგ. საინფორმაციო კამპანიები განსაკუთრებით მარგინალიზირებული ჯგუფებისათვის ვირუსის შესახებ და მარტივი გზების გაცნობა ცალკეული ადამიანების, ოჯახებისა და საზოგადოების დასაცავად.

შემოსავლის მომტანი ისეთი აქტივობების ორგანიზება, რომლებიც წვლილს შეიტანს გადაუდებლად საჭირო აღჭურვილობის, სერვისებისა და პროდუქტების წარმოებაში, როგორიცაა ნიღბები, საპონი, თუ სასურსათო პროდუქტები.

  • ალტერნატიული სასწავლო შეთავაზებების შემუშავება და მიწოდება ფორმალური სწავლების შეწყვეტის კომპენსირების მიზნით, განათლების კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად.
  • საერთო ღირებულებებზე რეფლექსიის შესაძლებლობების შექმნა, როგორებიცაა გლობალური პასუხისმგებლობა, სოლიდარობა და აქტიური მოქალაქეობა.
  • საზოგადოებრივი აქტივობების მობილიზება და მართვა, ვინაიდან ზრდასრულთა განათლების პროვაიდერებს ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ კონტექსტთან და ხალხთან ღრმა კავშირი ახასიათებს.

ახალი შეთავაზებების შემუშავება

მთელ მსოფლიოში თითქმის სრულად არის შეჩერებული პირისპირ სწავლების აქტივობები. შედეგად, მონაწილეებს ერთმევათ აუცილებელ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რაც შეეხება მიმწოდებლების მხარეს - ზრდასრულთა განათლების ინსტიტუციები და დამოუკიდებლად მოღვაწე მასწავლებელთა უზარმაზარი რაოდენობა მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამ დროს კი, ზრდასრულთა განათლების სექტორი, თავისი მოქნილი ხასიათითა და მოსწავლეთა და საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებულობით, სწორედაც საუკეთესოა სწრაფი, კრეატიული პასუხების შესაქმნელად, მაგალითად:

  • მონაწილეთათვის ციფრული სწავლების შესაძლებლობების,  მათ შორის პლატფორმების, არაფორმალური ტრენინგებისა და (სერთიფიცირებული) ონლაინ კურსების შექმნა.
  • მშობელთა მხარდაჭერა ონლაინ-რეჟიმში მუშაობის პროცესში, ბავშვების ონლაინ-სწავლების პროცესში დასახმარებლად.
  • სოციალური მედიის ინსტრუმენტებისა და არხების გამოყენებით, ასევე დისტანციური სწავლების ტრადიციული საშუალებების, მაგ. რადიო- და სატელევიზიო არხებთან თანამშრომლობის გზით დაფარვის არეალის გაზრდა.
  • ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის შეთავაზება ზრდასრულთათვის კრიზისის სირთულეებთან გასამკლავებლად.

სწავლების ეს ახალი ფორმები მოითხოვს ინვესტიციებს შესაბამისი ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად:

  • ინვესტიცია ციფრულ ინფრასტრუქტურაში ეროვნული და რეგიონალური ქსელების, ასევე ადგილობრივი მიმწოდებლების დონეზე, ციფრული მოწყობილობების/აპარატურის უზრუნველყოფა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, იქ სადაც სხვა შესაძლებლობები არ არის ხელმისაწვდომი.
  • პერსონალის გადამზადება, რათა შეძლონ ციფრული შესაძლებლობების გამოყენება და მოსწავლეთა კონსულტირება.
  • მეტი ონლაინ-სწავლების შესაძლებლობების განვითარება ზრდასრულთა განათლების პერსონალის, მენეჯერებისა და ტრენერებისთვის.
  • ციფრული პრაქტიკის ჯგუფების (communities of practice (CoP) შეთავაზება ლოკალურ, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე ზრდასრულთა განათლების პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების გაზიარების და ერთმანეთის მხარდაჭერის მიზნით.

მთავრობებსა და განვითარების პარტნიორებს მოვუწოდებთ, ხელი შეუწყონ  ზრდასრულთა განათლების პროვაიდერებს ციფრულ წამოწყებებში.

მდგრადი მომავლის უზრუნველყოფა ზრდასრულთა განათლებისათვის

ზრდასრულთა განათლების ბევრი მიმწოდებლისათვის (თუ ყველასათვის არა) აღნიშნული ვითარება ეგზისტენციალურ კრიზისს წარმოადგენს. ბევრ მათგანს სირთულეები აქვს ნულზე ჩამოსული შემოსავლების ფონზე (მონაწილეთა გადასახადები, მინიმუმ დროებით გაუქმებული პროექტის სახსრები). საზოგადოებისა და მთავრობების ხელშია ზრდასრულთა განათლების სექტორის გადარჩენა მთელ მსოფლიოში. საჭიროა პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა!

ცხადია, ეროვნული მთავრობების პირველადი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, არის საკითხები, რომლებშიც განვითარების პარტნიორებსა და საერთაშორისო სააგენტოებს ძალუძთ წვლილის შეტანა:

  • ქსელების ძალისხმევის ხელშეწყობა კრიზისის დასაძლევად საჯარო დახმარების მოსაპოვებლად.
  • სტრატეგიებისა და პრაქტიკების მხარდაჭერა, რათა კრიზისი არ იქცეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შემავიწროვებელი ზომების საბაბად.
  • არსებული სტრუქტურების გამოყენება კორონასთან დაკავშირებულ აქტივობებში, პარალელური მექანიზმების შექმნის მაგივრად („ბორბლის თავიდან გამოგონება“)
  • მოქნილი, მორგებული დაფინანსების სქემების უზრუნველყოფა ზრდასრულთა განათლების მიმწოდებლებისა და ქსელების ინსტიტუციონალური არსისა და საკვანძო პერსონალის დასაცავად.

DVV International-ი განიხილავს საკუთარ როლს პარტნიორების მხარდამჭერად კორონა-კრიზისის შედეგებთან ოპტიმალურად გამკლავებისა და ზრდასრულთა განათლების  საკვანძო სერვისებისათვის სპეც. ფორმატების შემუშავების საქმეში. ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ჩვენი პროექტების და პარტნიორების ინოვაციური ინიციატივების შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ კრიზისსს და საჭირო დახმარებით უზრუნველვყოთ ადამიანები. კორონავირუსი გლობალური კრიზისია, ამიტომაც მას გლობალურად უნდა გავცეთ პასუხი.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.