„მუშაობა და ცხოვრება“ არის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის გაერთიანებული პროფესიული კავშირები (DGB) და გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (DVVI). ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანების მუშაობისა და ცხოვრების წესის სოციალური სამართლიანობის, თანაბარი შესაძლებლობების, სოლიდარობისა და დემოკრატიული კულტურის კრიტერიუმების შესაბამისად განვითარებას.
პროგრამის „შემეცნებითი შვებულება 2018“ ფარგლებში, აგვისტოს თვეში განხორციელდა ორგანიზაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მისი ოცი მონაწილე საქართველოში მომუშავე გერმანულ ორგანიზაციებს ეწვია.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა DVVI-ის საქართველოს ოფისში შედგა. სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია DVVI-ის პროექტების შესახებ და ნახეს ფილმი „DVVI – 15 წელი საქართველოში“. ამის შემდეგ, შედგა დისკუსია, რომლის დროსაც სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ისტორიის, თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ დემოკრატიული ცვლილებების მიმართ, რომელიც ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განხორციელდა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოში ზრდასრულთა განათლების საკითხებსა და DVVI-ის მიერ დაარსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების მუშაობას.