DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ა.წ. 27-30 ივნისს, ქ. თბილისში, ჩატარდა Curriculum globALE ტრენინგ-პროგრამის მეორე მოდული, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული პროფესორი, ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო საბჭოს (ICAE)-ს გენერალური მდივანი, ქ-ნი კატარინა პოპოვიჩი. როგორც უკვე იცით, ტრენინგ-პროგრამა მიზნად ისახავს ზრდასრულთა განმანათლებლების პროფესიონალიზაციას და მასში ჩართულები არიან ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრების დირექტორები, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ზრდასრულთა განათლების კოორდინატორები, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) და DVV International საქართველოს ოფისის თანამშრომლები.
მოწვეულმა პროფესორმა, ქ-მა პოპოვიჩმა, მეორე მოდულის გაცნობამდე, ტრენინგი პირველი მოდულის მიმოხილვით დაიწყო, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ თავიანთი გამოცდილების შესახებ პირველ მოდულთან მიმართებით. მეორე მოდულის ფარგლებში, განხილულ იქნა უფრო მეტად კონკრეტული საკითხები, რაც მოიცავდა: ზრდასრულთა სწავლების პრინციპებს, სწავლის პროცესს: ბავშვებისთვისა და ზრდასრულებისთვის; სწავლის ფსიქოლოგიასა და განვითარების ფსიქოლოგიას, როგორც ზრდასრულთა სწავლის თეორიების საფუძველს; ბიჰევიორიზმის, კოგნიტივიზმისა და კონსტრუქტივიზმის თეორიებსა და მათ გამოყენებას ზრდასრულთა განათლებაში; ტრანსფორმაციულ სწავლას, კოლბის თეორიასა და ზრდასრულთა განათლებას; ექსპერიმენტულ სწავლებას, სწავლის თეორიების შედარებას, ემოციური სწავლას; სწავლის ინტეგრირებულ მიდგომებს; ზრდასრულთა სწავლების თეორიების გამოყენებას. ამ თემებმა, ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან მიგვიყვანა, როგორიცაა ნეირომეცნიერება, როგორ სწავლობს ტვინი, რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მენტალურად ტვინი, ყოველთვის ფორმაში გვქონდეს, რა ზიანი მოაქვს ყალბ ინფორმაციას, ე.წ. “fake news” და როგორ უნდა შევძლოთ მისი ამოცნობა და შესაბამისად, გვქონდეს კრიტიკული აზროვნების უნარი.
მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ ტრენერი ყოველთვის კომბინაციას აკეთებდა და თეორიების გაცნობის შემდგომ მის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივებს სახავდა. გარდა ამისა, პროცესში გამოიხატა, რომ არ შეიძლება იყო კონკრეტულად რომელიმე ერთი თეორიის მიმდევარი. საჭიროა მათი შერეული გამოყენება აუდიტორიის გათვალისწინებით. თეორიასთან ერთად, მრავალმა თვალსაჩინო მაგალითმა და ჯგუფურმა მუშაობამ, კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მონაწილეების ცოდნის გაღრმავებას.
მეორე საფეხურის გავლისთვის, მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები. გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდის გარდა სხვა ვირუსებიც აქტიურად არის გავრცელებული და ერთმანეთის მოფრთხილება მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მონაწილე, ტრენინგის მესამე და მეოთხე დღეს Zoom-ით ჩაერთო და ჯგუფური ფოტოს გადაღებაც ერთობლივად მოხდა.
ტრენინგის დასასრულს, პროფესორმა ქ-მა პოპოვიჩმა შეახსენა მონაწილეებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იფიქრონ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებაზე და შეძლონ დააკავშირონ უკვე ნასწავლი მოდულები ერთმანეთთან, რადგან, გარდა ახალი საკითხებისა, კურიკულუმის ბოლო მოდული მთლიანი მოდულების შეჯამებას და მათ შორის კავშირების პოვნას გულისხმობს.