ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების აღმოსავლეთ ევროპის პროფესიული ფორუმი მონტენეგროში

2026 წლის 16–18 ივნისს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, გაიმართა ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების (ALE) აღმოსავლეთ ევროპის პროფესიული ფორუმი. DVV International-ის მოწვევით, ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა ექსპერტმა, მკვლევარმა, ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელმა სომხეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, საქართველოდან, კოსოვოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

წლევანდელი ფორუმის მიზანი იყო მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების სისტემების ანალიზის მიმართულებით, ასევე რეგიონის ექსპერტებს შორის პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა. დისკუსიებისა და სამუშაო სესიების მთავარი თემები შეეხებოდა ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების სისტემების განვითარების და ანალიზის მეთოდოლოგიურ მიდგომებს, ასევე ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ამ სფეროს დაფინანსების ალტერნატიული მოდელები.

პროგრამის მნიშვნელოვანი თემები და პროფესიული გამოცდილების გაზიარება

ფორუმის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო ექსპერტების მთავარ მოხსენებებს, მონაწილე ქვეყნების პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიას, სამუშაო შეხვედრებსა და პროფესიულ შეხვედრას მონტენეგროს განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს წარმომადგენლებთან.

პირველი დღე გაიხსნა ფლორენციის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორისა და ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო ექსპერტის, პაოლო ფედერიგის, და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შრომის ბაზრის ეკონომისტის, ადა ზაკჟევსკას, მთავარი მოხსენებებით. მოგვიანებით, ბელგრადის უნივერსიტეტის ანდრაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორმა კატარინა პოპოვიჩმა მოდერაცია გაუწია პანელურ დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს მოხსენებებში წარმოდგენილი ძირითადი გზავნილები და იმსჯელეს მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

პროგრამა გაგრძელდა მონაწილე ქვეყნების დელეგაციების პრეზენტაციებით, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების ეროვნული სისტემების მიმდინარე მდგომარეობა. თითოეულ პრეზენტაციას მოჰყვა დისკუსია, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა, დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და შეედარებინათ თავიანთ ქვეყნებში არსებული ვითარება.

მეორე დღეს DVV International-ის სამხრეთ აზიის რეგიონულმა დირექტორმა და ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების სისტემის განვითარების მიდგომის (ALESBA) ავტორმა, სონია ბელეტემ, მონაწილეებს გააცნო ALESBA-ს მეთოდოლოგია, განსაკუთრებული ყურადღებით მის მეორე ეტაპზე – შეფასებასა და დიაგნოსტირებაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს მიდგომა ბევრისთვის სიახლე იყო და ხაზი გაუსვეს მის მოქნილობასა და მეთოდოლოგიურ სიღრმეს.

მოგვიანებით, ფორუმის მონაწილეები მონტენეგროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკს ეწვივნენ, სადაც მათ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. სიცოცხლის განმავლობაში სწავლების დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, იასნა იოვანოვიჩმა, სტუმრებს მონტენეგროში ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების სისტემის განვითარების გამოცდილება გააცნო.

სისტემის ანალიზიდან სამომავლო მოქმედებამდე

ფორუმის დასკვნითი დღე მიეძღვნა ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების სისტემის ანალიზის ჩარჩოს, რომელიც პროფესორმა (საპატიო) დოქტორმა ჰერიბერტ ჰინცენმა წარადგინა. მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობის ფორმატში განიხილეს შემოთავაზებული ანალიტიკური ჩარჩო და საკუთარი ქვეყნების გამოცდილებისა და პროფესიული ხედვების საფუძველზე შეიმუშავეს რეკომენდაციები მისი შემდგომი დახვეწისთვის.

დასკვნითი სესია დაეთმო თითოეული ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების სისტემის ანალიზის პროცესში, ასევე იმ ძირითადი თემების შერჩევას, რომლებზეც ეროვნული დელეგაციები მოამზადებენ საექსპერტო ნაშრომებს. აღნიშნული ნაშრომები ხელს შეუწყობს DVV International-ისა და მისი პარტნიორების ადვოკატირებისა და ინტერესთა დაცვის საქმიანობას ეროვნულ დონეზე.

ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო პროფესიული შესაძლებლობების განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამასთან, მან საფუძველი ჩაუყარა ფართომასშტაბიან ანალიტიკურ პროცესს, რომლის შედეგიც თითოეული ქვეყნისთვის მომზადებული საექსპერტო ნაშრომები იქნება.

ფორუმი გაიმართა DVV International-ის ევროპის კონტინენტური გაცვლის პროექტის ფარგლებში და ფინანსურად მხარდაჭერილი იყო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.