ტელეკომპანია ფორმულამ 16 მარტს ისტორიის კონკურსები 3.0-ის პროექტის გუნდს უმასპინძლა.
მარიამ კერესელიძემ (DVV International Caucasus and South Europe) ისაუბრა წლევანდელი თემის კონცეფციაზე (პროექტის პოსტერის წარდგენის ფონზე), კონკურსის ისტორიაზე, როგორ დაიწყო კორბერის ფონდმა 70-იან წლებში გერმანიაში საპრეზიდენტო კონკურსი, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში. 2001 წელს დაარსდა ქსელი - EUSTORY, რომელიც აერთიანებს ყველა მონაწილე ქვეყანას. მისი თქმით, ჩვენს რეგიონში ხუთი ქვეყანა მონაწილეობს და უკრაინა ომის მიუხედავად აგრძელებს მონაწილეობას.
ნანა ციხისთავმა, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტმა პროექტის მიერ ჩატარებულ ტუტორთა ტრენინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის ჯგუფმა ჯერ მთელი საქართველოს მასშტაბით შეარჩია ტუტორები კითხვარების დახმარებით, რაც განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხდებოდა. მან ისაუბრა ასევე იმ ფორმატებზე, რომლებშიც მონაწილეებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრების წარდგენა (რეფერატი, ესე, ფოტოკოლექცია, პლაკატი და ვიდეო).
რუსუდან კობახიძემ SovLab-იდან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიაში ადამიანების გამოცდილება, რადგან წიგნებში ბევრი რამ არ წერია. ეს გამოცდილება გასათვალისწინებელია, რაც განსაკუთრებით ჩანს უკრაინის მაგალითზე, რომ მათ ეს გააკეთეს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა თავად გამოიკვლიონ, თავად შექმნან. რა თქმა უნდა, მათ უნდა გააანალიზონ კიდევაც პროცესში, მაგრამ თვითონ მეთოდიც კი, თუ როგორ და რას ირჩევენ მოპოვებული მასალიდან, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკითხისადმი. მაგალითად, შარშანდელი გამარჯვებულები თავიანთ ნაშრომში გვიამბობენ, თუ როგორ დაიწყეს წყაროების ძებნა, ბიბლიოთეკაში ვერაფერი იპოვეს და შემდეგ დაიწყეს ადამიანებთან გასაუბრება.
ნანა ციხისთავი დასძენს, რომ გარდა გასაუბრებისა, სტუდენტებმა უნდა ისწავლონ საარქივო მასალებთან, რუკებთან, ანუ სხვადასხვა წყაროებთან მუშაობა, რასაც ჩვენი ტუტორთა ტრენინგი ეხებოდა. ხელმძღვანელები თავად წყვეტენ, რამდენ მოსწავლესთან ერთად იმუშავებენ. საუკეთესო ნამუშევრები წელსაც გამოიცემა ერთიან პუბლიკაციაში.
ბოლოს, მარიამ კერესელიძემ ისაუბრა ე.წ. ქვეთემებზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 12-14 წელი - „სკოლა და ცხოვრება“ გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში, 15-18 წელი - ადამიანთა და თემის მეხსიერება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში. მან გამოაცხადა ვებ-მისამართი, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ ატვირთონ დასრულებული ნამუშევრები 31 მაისამდე, სავარაუდოდ, 5 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ბანაკში.
ვიდეო ხელმისაწვდომია ლინკზე.