ზრდასრულთა განათლების საკითხებზე რეგიონული მრგვალი მაგიდა ამბროლაურში

მიმდინარე წლის 20 ივლისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ზრდასრულთა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით რეგიონული პოლიტიკის მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები, მათ შორის მერები, მერის მოადგილეები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და DVV International საქართველოს წარმომადგენლები, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი და მოწვეული ექსპერტი.

შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალიტეტებში არსებული პროგრამები და ზრდასრულთა განათლების სფეროში ადგილობრივი საჭიროებები. მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეებს ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკანონმდებლო მექანიზმები, სხვა მუნიციპალიტეტების მაგალითები და საგანმანათლებლო ინიციატივების დაფინანსების შესაძლო მიდგომები გააცნო.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საქმიანობა და გამოხატეს ინტერესი სამომავლო დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების მიმართ.