საერთაშორისო ქსელის - EUSTORY-ს ფარგლებში საქართველოში გამართული ისტორიის რიგით მესამე კონკურსიც დასრულდა. 2022 წლის 23 ივლისს პროექტ „ისტორიის კონკურსები 3.0 – History Competitions 3.0”–ის განმახორციელებელმა DVV International-მა (სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა) კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა. პროექტს პატრონაჟს უწევდა კავკასიის უნივერსიტეტი, რომელსაც კონკურსის მონაწილეთა შორის საკუთარი ფავორიტიც ჰყავდა.
DVV International-ის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა და საქართველოში გერმანიის საელჩოს პირველმა მდივანმა, პრესისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სარა ზიელონკამ მიმართეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს ისტორიის შესწავლის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და საზოგადოების მომავლისა და განვითარებისთვის. პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოუთხრეს დამსწრე საზოგადოებას პროექტის ადგილობრივმა პარტნიორებმა - ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსას) პრეზიდენტმა ნანა ციხისთავმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბის) წარმომადგენელმა ოთარ დალაქიშვილმა; შემდეგ კი ვიდეო-გზავნილით მიმართა EUSTORY-სა და კიორბერის ფონდის წარმომადგენელმა, პროგრამის მენეჯერმა ინკა სიუტსმა და EUSTORY-ს ფარგლებში დაგეგმილი მორიგი ღონისძიებების შესახებაც აცნობა გამარჯვებულებს. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა, ასევე, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი, რომელმაც თავის გამოსვლაში სამოცდაათწლიანი წარსულის კრიტიკულ გადააზრებას გაუსვა ხაზი.
შემდეგ გაიმართა დაჯილდოება და კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთა შორის ადგილები გადანაწილდა ასე:
1. პირველი ადგილი ხვდა 14 წლის ქეთევან ხიზანიშვილს თბილისიდან, ათასწლეულის სკოლიდან, ისტორიული მოთხრობით - „მოჯადოებული წრე.“ ხელმძღვანელი - თამუნა მაჭარაშვილი.
2. მეორე ადგილი მოსწავლეთა ორმა ჯგუფმა გაინაწილა:
ელისაბედ სახოკია, სანდრო ლომაია და ირაკლი ჯანაშია სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიიდან, 16 წლისანი, ესეს სათაურია - „ტოტალიტარული „სიმართლე“ - ჩერნობილის ტრაგედია.“ ხელმძღვანელი - ნათელა დავითაია.
და ბარბარე ცხადაძე, ლიზი ქართველიშვილი და ირაკლი აბრამაშვილი სურამის ლესია უკრაინკას სახელობის #3 სკოლიდან, 15 წლისანი, ესეთი - „მადლობა, ღმერთო, რომ ამას მომასწარ...“. მათი ხელმძღვანელია ნათელა გოგალაძე.
3. მესამე ადგილზე 14 წლის ნიკოლოზ შარაბიძე გავიდა, ასევე, ათასწლეულის სკოლიდან (თბილისი), ვიდეოთი „ქართული განათლება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში“. მისი ხელმძღვანელიც თამუნა მაჭარაშვილია.
4. მეოთხე ადგილზე გასულ ჯგუფს ნინი არჩვაძე, თინათინ ბურდული და გიორგი ახალაური შეადგენენ, 16 და 17 წლის ასაკის, თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის #1 საჯარო სკოლიდან. მათი ესეს სახელწოდებაა - „აფხაზეთის ომის გმირები და ანტიგმირები.“ ხელმძღვანელი - ეკატერინე უშიკიშვილი.
ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის დეკანმა, დავით ნატროშვილმა უნივერსიტეტის ფავორიტებს - ახალქალაქის პირველი სკოლის მოსწავლეებს - ალინა პოლოიანსა და ლიანა ავეტისიანს გადასცა საჩუქრები, ხოლო ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ თავისი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა კონკურსის ახალქალაქელ მონაწილეთა ხელმძღვანელი, ერანიაკ მაკარიანი.
დაჯილდოებულებს გამარჯვება მიულოცა, ასევე, პირველი და მეოთხე ადგილოსნების ხელმძღვანელმა თამუნა მაჭარაშვილმა, რომელიც Zoom-ით ჩაერთო ცერემონიას. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ გამარჯვებულებიც - პირველადგილოსანი ქეთევან ხიზანიშვილი და მეორე ადგილზე გასული ბარბარე ცხადაძე და ლიზი ქართველიშვილი, რომლებმაც მადლობა გადაიხადეს მათი მონდომებისა და შრომის აღიარებისთვის.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებისთვის ფურშეტი გაიმართა.