სამუშაო შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თანამშრომლობის გაძლიერება ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობისთვის“

2026 წლის 21–23 ოქტომბერს DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ქ. ბორჯომში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ადგილობრივი საჭიროებების საპასუხოდ ერთობლივი ინიციატივების განხილვა.

ვორქშოფს უძღვებოდნენ იურისტი ირაკლი მხეიძე და ფასილიტატორი პავლე თვალიაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების თანამშრომლობის პრაქტიკულ მაგალითებსა და პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებზე.

ირაკლი მხეიძემ მონაწილეებს გააცნო ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობის 12 მოდელი. პრეზენტაცია მოიცავდა თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებსა და პრაქტიკულ მექანიზმებს, მათ შორის მუნიციპალური ქონებით სარგებლობის, საგანმანათლებლო მომსახურებების დაფინანსებისა და შესყიდვის, პროგრამული და პროექტული თანადაფინანსებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს. განხილული მაგალითები მონაწილეებს დაეხმარა დაენახათ, თუ როგორ შეიძლება არსებული მუნიციპალური რესურსებისა და დაფინანსების მექანიზმების გამოყენება ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების საქმიანობისა და ადგილობრივი საჭიროებების საპასუხოდ.

ვორქშოფის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას. ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო გზები, გამოავლინეს საერთო ინტერესები და მოამზადეს მოკლე საპროექტო განაცხადის იდეები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ისეთი ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს და რომელთა განხორციელებისთვისაც არსებობს რეალური შესაძლებლობები.

შეხვედრამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა გაეზიარებინათ გამოცდილება, განეხილათ თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები და დაესახათ ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები. ვორქშოფის მთავარი შედეგი იყო არა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება, არამედ ცენტრებსა და მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო პარტნიორობისთვის საფუძვლის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ზრდასრულთა განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივ განვითარებას.