2018 წლის 17-22 ივლისს DVVI-ის საქართველოს ოფისმა უმასპინძლა ტაჯიკი კოლეგების დელეგაციას. ვიზიტის მიზანი საქართველოში ზრდასრულთა ცენტრების დაფუძნების გამოცდილების უკეთ გაცნობა იყო.
ტაჯიკ სტუმართა შორის იყვნენ DVVI ტაჯიკეთის ოფისის დირექტორი და რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ოთხ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდნენ DVVI -ის საქართველოს ოფისისა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის თანამშრომლებს და განიხილეს ზრდასრულთა განათლების საკითხები, მათ შორის, ზრდასრულთა განათლების ცენტრების საუკეთესო მაგალითები. ტაჯიკი კოლეგები ესტუმრნენ ზრდასრულთა განათლების ცენტრებს ქვემო ქართლის, სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში. მათ აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს საექსკურსიო და კულტურულ პროგრამაში.
„ძალიან სასარგებლო ვიზიტი გამოვიდა. ჩვენი სურვილია საქართველოში არსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების მოდელი ტაჯიკეთშიც დავნერგოთ. საქართველოში ბევრი რამ ვისწავლეთ, და მიღებული ცოდნა და გამოცდილება ამ პროცესში უთუოდ გამოგვადგება. იმედია, ქართველი კოლეგები საექსპერტო დახმარებას კვლავაც გაგვიწევენ“, - განაცხადა DVVI ტაჯიკეთის ოფისის დირექტორმა ზარინა ხალიკოვამ.