საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ დამკვიდრებული გერმანული ენის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამასობაში უკვე ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად სხვადასხვა ქართულ და გერმანულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მრავალნაირი კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.
წელს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტიც (DVV International) ჩაერთო ზრდასრულთა განათლების სექტორის დასაფარად და ზრდასრულებთან მომუშავე გერმანული ენის მასწავლებელთათვის ტრენინგი გამართა. ტრენერად ალის ლახოვიჩი მოვიწვიეთ, გერმანიის ქალაქ ქამის სახალხო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელთანაც DVV International-ს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელთან (GAEN) ერთად პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქ-ნმა ლახოვიჩმა ორდღიანი ტრენინგი გერმანული ენის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს მიუძღვნა.
ტრენინგი 2021 წლის 21-22 ოქტომბერს ჩატარდა ახლახან გახსნილ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, რომელიც რიგით მეცამეტეა DVV International-ის მიერ საქართველოში გერმანული სახალხო უნივერსიტეტების მოდელის მიხედვით გახსნილ ცენტრთაგან. ტრენინგის დასაწყისში ოლივერ რაისნერმა, კავკასიის კვლევებისა და ევროპისმცოდნეობის პროფესორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მონაწილეებს ისტორიული ტური შესთავაზა ბოლნისის ყოფილ გერმანულ დასახლებაში.
მნემოტექნიკა და კრეატიული მეთოდები გერმანული ენის სწავლებაში ტრენინგის მთავარ თემებს შეადგენდა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა უამრავი ინფორმაცია მიიღეს ახალი მეთოდების, ინტერნეტრესურსების, სასარგებლო ლიტერატურის შესახებ. ძალიან ნაყოფიერი გაცვლა-გამოცვლა შედგა გერმანულის პრაქტიკოს მასწავლებლებს შორის. ლექტორმა სხვადასხვა მედიების სწავლებაში გამოყენების ახალი და კრეატიული მეთოდები გააცნო ჯგუფს.
სწავლების დასასრულს ყველა მონაწილემ კმაყოფილება და აღფრთოვანება გამოთქვა, თუ რამდენად ინფორმატიული, გამოსადეგი, სასარგებლო და პრაქტიკული იყო მათთვის ეს ტრენინგი. ზოგიერთ მათგანს ერთი სული ჰქონდა, როდის გამოიყენებდა მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში, რაც, კიდევ ერთხელ, მთლიანი ღონისძიების დიდ წარმატებაზე მიუთითებს.