2021 წლის 18 ივნისი დიდხანს დაამახსოვრდებათ ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარებსა და ტრენერებს. მისი აღმატებულება გერმანიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი ჰუბერთ ქნირში ეწვია ცენტრს, რომელიც DVV International-ის მიერ 2016 წელს დაარსდა. მას შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა ბენეფიციარებს სხვადასხვა პროფესიული, პიროვნული განვითარებისა და კულტურული განათლების კურსიდან, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე, ზრდასრულთა განათლების პაკეტის ნაწილს წარმოადგენს. ბ-ნი ქნირში ესაუბრა ტრენერებს, ცენტრის ადმინისტრაციას და მათთან ერთად განიხილა ზრდასრულთა განათლების, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის შემადგენელი ნაწილის მნიშვნელობა. ელჩმა, როგორც ყოველთვის, გულწრფელი ინტერესი გამოხატა ცენტრის საქმიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ამგვარი საქმიანობა რეგიონში ცხოვრებას ენერგიით ავსებს და იმედსა და პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის. თექის, სახლების შეკეთების, სამკერვალო, ხისა და ქვის დამუშავებისა და ავეჯის დამზადების კურსების ბენეფიციარებმა, ასევე, ეკოტურიზმისა და მოხალისე გიდების ჯგუფის მონაწილეებმა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წარმომადგენლებმა თავიანთი ისტორიები გაუზიარეს საპატიო სტუმარს და მის შეკითხვებს უპასუხეს. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ეთნო-მუსიკალურმა ჯგუფმა ღონისძიება მშვენიერი ქართული ტრადიციული სიმღერებითა და თანამედროვე ეთნო-ჯაზური კომპოზიციებისგან შემდგარი პროგრამით გააფორმა. „ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. ელჩის ვიზიტი და მის მიერ ჩვენი საქმიანობის შეფასება დიდ მოტივაციას აძლევს თითოეულ ჩვენგანს: მასწავლებლებს, ბენეფიციარებს, ცენტრის ხელმძღვანელობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობასა და მაღალი ხარისხის შენარჩუნებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებლობებისა და მომსახურების მიწოდებით, რაც აუმჯობესებს მათი ცხოვრების დონეს და ხელს უწყობს მთელი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის განვითარებას. გვსურს, DVV International-ი ყოველთვის ამაყობდეს ჩვენით”, - განაცხადა ნანა სოხაძემ, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორმა.