Curriculum globALE, ქართულად „კომპეტენციების ჩარჩო ზრდასრულთა განმანათლებლებისთვის“ ტრენინგ პროგრამაა, რომელიც, მიზნად ისახავს ზრდასრულთა განმანათლებლების პროფესიონალიზაციას. კურიკულუმი, შესავალი, 5 ძირითადი და 1-დან 3-მდე არჩევითი მოდულისგან შედგება. შესავალი ნაწილი, რომელიც მონაწილეებისა და პროგრამის გაცნობას გულისხმობს, ა.წ. 14 მარტს, პლატფორმა Zoom-ით, ქ-ნი მაია ავრამოვსკას, DVV international-ის კავკასიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორის ხელმძღვანელობით ჩატარდა. აპრილის დასაწყისშივე, ქ. თბილისში, გაიმართა 4-დღიანი ტრენინგი პირველი მოდულისთვის „ზრდასრულთა სწავლისა და განათლების საფუძველი“ ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორის, ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო საბჭოს (ICAE) გენერალური მდივნის, ქ-ნი კატარინა პოპოვიჩის ხელმძღვანელობით. პირველი მოდული მრავალმხრივი და საინტერესო თემებით იყო წარმოდგენილი, როგორიცაა: მრავალფეროვნება და კულტურა ზრდასრულთა განათლებაში; ტერმინოლოგიური და კონცეპტუალური საკითხები – განათლება, სწავლა, სწავლება; უნარები, კომპეტენციები; ფორმალური, არაფორმალური, ინფორმალური განათლება; ზრდასრულთა განათლების საფუძვლები, ფუნქციები და სარგებელი; ზრდასრულთა განათლების თეორიები - ზრდასრულთა განათლების როლი, მნიშვნელობა და მიზნები; ზრდასრულთა განათლების სისტემა - მისი ელემენტები და მექანიზმი; ზრდასრულთა განათლების განმსაზღვრელები; ძირითადი ფიგურები ზრდასრულთა განათლებაში; ზრდასრულთა განათლების ძირითადი სამიზნე ჯგუფები; ზრდასრულთა განათლების შინაარსი და სფეროები; ზრდასრულთა განათლების და მისი მიწოდების ფორმები; ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის ძირითადი ელემენტები და აქტორები; ზრდასრულთა განათლების დაგეგმვის, დაფინანსებისა და რეგულირების საკითხები; ძირითადი აქტორები და ტენდენციები საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებაში; ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო ჩარჩოები; მოტივაცია ზრდასრულთა განათლებაში; მონაწილეობა და მთავარი დაბრკოლებები ზრდასრულთა განათლებაში; პაულო ფრეირის თეორია; ძალაუფლებისა და ეთიკის საკითხები ზრდასრულთა განათლებაში; გენდერული საკითხები ზრდასრულთა განათლებაში; ანდრაგოგიკის ძირითადი პრინციპები; ანდრაგოგიკა-პედაგოგიკის შეპირისპირება; ინტერსექტორალური საკითხები; ზრდასრულთა განათლება, როგორც აკადემიური დისციპლინა; აქტუალური კონცეფციები ზრდასრულთა განათლებაში; პროფესიონალიზაცია ზრდასრულთა განათლებაში; პროფესიული განვითარების გზები.
ტრენინგ-პროგრამაში ჩართულია 17 მონაწილე - ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრების დირექტორები, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ზრდასრულთა განათლების კოორდინატორები, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) და DVV International საქართველოს ოფისის თანამშრომლები. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს პირველი მოდულისთვის გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატი.