2022 წლის 17 ივნისს მისი აღმატებულება გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერთ ქნირში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი ეწვივნენ DVV International-ის მიერ დაარსებულსა და დღემდე მხარდაჭერილ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სტუდენტებს, როგორც ზრდასრულებს, ასევე ახალგაზრდებს, გაეგოთ მეტი ცენტრში არსებულ ვითარებაზე, მოესმინათ სტუდენტების გამოცდილების შესახებ და გასცნობოდნენ ცენტრის მიერ შემოთავაზებული კურსების დასრულების შემდეგ დასაქმებული/თვითდასაქმებული ადამიანების წარმატების ისტორიებს. ელჩმა და მინისტრმა მოინახულეს შედუღების, ხეზე კვეთის, ინგლისური ენის, ხელნაკეთი სუვენირების, თექის, ჭრა-კერვის, კომპიუტერის, კულინარიისა და მაკიაჟის რამდენიმე პრაქტიკული სამუშაო და კურსი.
ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დათვალიერებას მოჰყვა პრეზენტაცია ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის შესახებ, რომელიც წარადგინა ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ირმა ზურაბაშვილმა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის საქართველოს ოფისის მიერ დაარსებული მე-13 ცენტრია. ცენტრი მხოლოდ ერთი წელია ფუნქციონირებს, მაგრამ უკვე ჰყავს ბენეფიციარების მნიშვნელოვანი რაოდენობა. 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე ზრდასრულთა სწავლების პაკეტი პროფესიული, პიროვნული განვითარების, სამოქალაქო, კულტურული და ფინანსური განათლების ჩათვლით, მიეწოდება 2257 ბენეფიციარს. ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას, გერმანიის საელჩოს საქართველოში და DVV International საქართველოს ოფისს გაწეული ერთგულებისთვისა და მხარდაჭერისთვის. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჯვარისა და კოდას ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორებიც. მათ სტუმრებს თავიანთი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და გამოწვევები გაუზიარეს.
მოგვიანებით სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. მისმა აღმატებულებამ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერთ ქნირშმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რამდენიმე კურსის კურსდამთავრებული დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს მათ სამომავლო საქმიანობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა გერმანიის წვლილზე საქართველოს ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართველოში. მისმა აღმატებულება გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერთ ქნირშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებს აქტიური და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს ზრდასრულთა განათლების მხარდაჭერა საქართველოში. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების პროექტი, რომელსაც ახორციელებს DVV International საქართველოს ოფისი, რჩება მისთვის საყვარელ გერმანულ პროექტად ქვეყანაში.
ინფორმაცია მისი აღმატებულება გერმანიის ელჩის საქართველოში, ჰუბერთ ქნირშისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ვიზიტის შესახებ ასევე ხელმისაწვდომია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე.